Accessibility links

logo-print logo-print

თამარ ჟვანია ამბობს რომ დამსახურებისთვის ჯილდო მიიღო 2017 წელს


თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ილაპარაკა საკუთარი დამსახურების შესახებ. „დამსახურებისთვის ჯილდო მე მიღებული მაქვს 2017 წელს, რომელიც გადმომეცა ვაშინგტონში, როდესაც დაფასდა ჩემი მოღვაწეობა, როგორც საარჩევნო პროცესში გაწეული ძალიან დიდი წვლილისთვის. მე საერთაშორისო ჯილდო მაქვს მიღებული. ჩემთვის ჯილდო გახლავთ ის, რასაც ეს ინსტიტუცია [ცესკო] აკეთებს, რომელიც არა მხოლოდ ჩემი ჯილდოთი, არამედ შვიდი საერთაშორისო ჯილდოთი იწონებს თავს და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე“, - თქვა ჟვანიამ.

ცესკო-ს თავმჯდომარე ეხმაურება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილებას მათი საჩივრების გაუთვალისწინებლობის შესახებ. „500-ზე მეტია შესწორების ოქმი [შედგა], 19 უბანი გადაითვალა, ერთი მაჟორიტარული უბნის ნაწილი გაუქმდა, 18 მობილური გადასატანი ყუთიდან 9 გაბათილდა“, - თქვა თამარ ჟვანიამ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ 4 ნოემბერს თქვა, რომ თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის იმ შეურაცხყოფის მოთმენისთვის, რომელსაც მის მიმართ აქვს ადგილი.

სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ ცესკო-სთან აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობა ამ ფორმით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს განცხადებას. სწორედ, „ჯილდოები“ და „საჩუქრები“ მიიტანეს ცესკო-ს შენობასთან „სირცხვილია“-ს წევრებმა, მათ შორის, მათემატიკის პირველი კლასის სახელმძღვანელო და საანგარიშო.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავს საპროტესტო აქციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG