Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება ჯერ არ დაინტერესებულა ბურდულის ბრალდებებით არჩევნების გაყალბების შესახებ


ცენტრალური საარჩევნო კომისია
ცენტრალური საარჩევნო კომისია

ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან ცესკოს ყოფილი თანამშრომლის, ივანე ბურდულის მიერ 6 ნოემბერს გაკეთებული განცხადებებით იმის შესახებ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

როგორც ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა სპეციალისტმა, ივანე ბურდულმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მას საგამოძიებო სტრუქტურებიდან ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია - „ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა“. არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ბურდულმა გათავისუფლების შესახებ განცხადებით 6 ნოემბერს მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თამარ ჟვანიას. მოგვიანებით მან მედიასთან არაერთგზის განმარტა, რომ საპარლამენტო არჩევნები ტოტალური გაყალბების პირობებში, ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ჩატარდა.

„ჩვენთვის გაუგებარია ის მოტივი, როდესაც განსაკუთრებით ამ პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ამ დატვირთულ და მეტად მნიშვნელოვან პერიოდში მან მიიღო გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დაწყებულ და აგორებული მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. რაც შეეხება ბურდულის განცხადებას გათავისუფლების შესახებ, მას მიეცა შესაბამისი მსვლელობა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას არ აქვს მოთხოვნილი დაუყოვნებლივი გათავისუფლება, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამის ვადებში“, - განაცხადა 6 ნოემბერს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა.

მოქალაქეები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგს, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გამარჯვებულად გამოცხადდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარტია პარლამენტში 74 მანდატს აგროვებს და უმრავლესობით გასამარჯვებლად მხოლოდ 2 მანდატი სჭირდება. შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ, პროტესტის ნიშნად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და ხელახალი არჩევნების გამართვას ითხოვენ. პარალელურად, ოპოზიციური პარტიები 8 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG