Accessibility links

logo-print logo-print

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არჩევნებს მოიგებს, მაგრამ გამარჯვებას ჯერ არ გამოაცხადებს


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არჩევნებს მოიგებს აშკარა უმრავლესობით, მაგრამ აღნიშნა, რომ ჯერ გამარჯვების გამოცხადება ადრეა, რადგან არაერთ შტატში, სადაც ბრძოლა გრძელდება, არ არის დასრულებული ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა.

7 ნოემბერს ბაიდენი კვლავ წინაა საკვანძო შტატებში, არიზონაში, ნევადასა და პენსილვანიაში, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, ის საარჩევნო კოლეგიის 300 ხმას მიიღებს. საბოლოო გამარჯვებისთვის კანდიდატი კოლეგიის, სულ მცირე, 270 ხმას საჭიროებს.

2000 წელს ამერიკელ ამომრჩეველს უფრო დიდხანს უწევს ლოდინი, შეიტყოს გამარჯვებულის ვინაობა, რადგან, კორონავირუსის პანდემიის გამო საარჩევნო უბნებთან ხალხის დიდი რაოდენობის შეკრების თავიდან ასაცილებლად, ბევრმა ამომრჩეველმა ხმა ფოსტის საშუალებით მისცა და დასათვლელი იყო 100 მილიონზე მეტი ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენი.

„ციფრები მეტყველებენ ცხად და დამაჯერებელ გამარჯვებაზე, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ“, თქვა ბაიდენმა დელავერის შტატში, გვიან 6 ნოემბერს, თავის თანამებრძოლ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ, კალიფორნიელ დემოკრატ, კამალა ჰარისთან ერთად გამოსვლის დროს.

ბაიდენის თქმით, მისი უპირატესობა დონალდ ტრამპის მიმართ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ოთხი მილიონი ხმით, იმის ნიშანია, რომ ამომრჩეველმა ცვლილებას მიანიჭა უპირატესობა. ბაიდენის მომხრეთა რაოდენობა, 74,4 მილიონი, სარეკორდო რიცხვია ამომრჩევლისა, რომელიც მიემხრო კანდიდატს ყველა საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა საყოველთაო სახალხო კენჭისყრა არ განსაზღვრავს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს, ბაიდენმა თავისი უპირატესობა შეაფასა, როგორც „მანდატი მოქმედებისთვის“ და თქვა, რომ ამერიკელებს სურთ, გაერთიანდნენ და არა - დაიშალონ.

მან დაასახელა რამდენიმე ზომა, რომელზეც ის და ჰარისი უკვე მუშაობენ, მათ შორის, პანდემიაზე რეაგირება, ეკონომიკა და კლიმატის ცვლილება.

ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოთმინება ხმების დათვლის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG