Accessibility links

site logo site logo

COVID-19: დიდ ქალაქებში იზღუდება გადაადგილება


ფოტოარქივი: პოლიციის ბლოკპოსტი თბილისის შესასვლელთან. 1 აპრილი, 2020 წ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.

ეს შეზღუდვა შეეხებათ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე იმ პირებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობა პანდემიასთან დაკავშირებით გართულებულმა ვითარებამ გამოიწვია.

გადაადგილების შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით:

- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;

- ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის, სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;

- ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.

დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

ასევე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში დროებით იხურება საბავშვო ბაღები - „თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები“.

ოფიციალური ინფორმაციით, 7 ნოემბერს საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. პრემიერი იზოლაციაში იმყოფება, კოვიდინფიცირების გამო.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG