Accessibility links

logo-print logo-print

დავითულიანი ხელახალ არჩევნებზე: გამორიცხულია ხალხის ნების გადახედვა


გამორიცხულია ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რამდენი აქციაც უნდა მოაწყონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მედიის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციასთან დიალოგის გამართვის შესაძლებლობებს შეეხებოდა, დავითულიანმა თქვა, რომ გამორიცხულია დიალოგი 31 ოქტომბრის არჩევნების „წართმევასა“ და შედეგების გადახედვასთან დაკავშირებით:

„მოლაპარაკება ვერ შედგება ქართველი ხალხის არჩევნის რევიზიაზე და არჩევნის წართმევაზე. ოპოზიცია ახლა ითხოვს ერთს - ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რაც არ არის სწორი, გამორიცხულია და სწორ დღის წესრიგს არ მოუტანს ამ ქვეყანას.

ქართველმა ხალხმა, ამ პანდემიის პირობებში, ერთხელ უკვე გამოხატა საკუთარი ნება და ამ ნების მიხედვით გვაქვს ის სურათი, რა სურათიც გვაქვს - რომ პარლამენტი უნდა იყოს ჭრელი და „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, უნდა აკომპლექტებდეს ხელისუფლებას.

ეს არის ქართველი ხალხის ნება. ამ ნების გადახედვის უფლება არც ჩვენ გვაქვს და არც ოპოზიციონერებს, რამდენი აქციაც არ უნდა მოაწყონ... ზოგადად, დიალოგის წინააღმდეგ და დიალოგზე პრობლემა ჩვენ საერთოდ არ გვქონია“, - განაცხადა დავითულიანმა.

ოპოზიციური პარტიები 8 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. კენჭისყრის დღის შემდეგ, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მასშტაბის არაერთი აქცია გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG