Accessibility links

site logo site logo

მელია: ცესკოს შენობას ხალხი დაუწესებს კომენდანტის საათს


„აქ ვართ, არავინ არ მივდივართ, ბრძოლა ბოლომდე“, - ასე მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქცია ცესკოს შენობასთან მანამდე გაგრძელდება, სანამ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ოპოზიციის ლიდერები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ:

„ამ შენობას ხალხი დაუწესებს კომენდანტის საათს. არავინ შევა და არავინ გამოვა. რადგან ამ შენობაში მუშაობის უფლება არავის არ აქვს. ახლა ვაკეთებთ ამას, ყველანი ვრჩებით, ყველანი ვართ. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, რომ აქ აღარავინ აყალბებდეს და ამ ადამიანს, ჟვანიას, მოუწიოს სახლში წასვლა. და მეორე, ახალი არჩევნები ჩატარდეს. ეს ბრძოლა დაიწყო, გრძელდება და დამთავრდება ხალხის გამარჯვებით“.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩენას და კარვების გაშლას გეგმავენ.

ცესკოსთან მიმდინარე აქციის დასაშლელად, ცოტა ხნის წინ, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიციის დამატებით ჯგუფები და სპეცდანიშნულების რაზმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG