Accessibility links

საქართველოს 7 ქალაქში გადაადგილება იზღუდება


დღეიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება ქვეითად და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება:

- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;
- ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე.

ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა;

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები;

ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შესამცირებლად. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

დამატებითი, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 ნოემბერს გადაწყვიტა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო.

ნოემბრის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 18 800-ზე მეტი ადამიანი და 168 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG