Accessibility links

logo-print logo-print

ბაიდენ-ჰარისის გუნდმა დაიწყო მზადება ახალი ადმინისტრაციისთვის უფლებამოსილების გადასაცემად


აშშ-ის ფედერალურ მთავრობაზე კონტროლის მისაღებად მზადება დაიწყეს ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა, რომლებიც ამერიკულმა მედიამ უკვე გამოაცხადა არჩეულ პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად.

დემოკრატების გუნდმა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაცემაზე, განაცხადა, რომ პირველივე დღიდან ლიდერობისთვის მზად არიან და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციას უზრუნველყოფენ გადაუდებელი ამოცანების გადაჭრის შესაძლებლობებით. ამოცანებად დასახელებულია ერის ჯანმრთელობის დაცვა, რასობრივი თანასწორობა და კლიმატის კრიზისთან ბრძოლა.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა 279 ხმა მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კი 214.

არჩევნებში გასამარჯვებლად კანდიდატს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმა სჭირდებოდა.

ტრამპი, რომელიც დამარცხებას ჯერჯერობით არ აღიარებს, სერიოზული მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ ხმები გაყალბებულია. მისმა საარჩევნო შტაბმა სასამართლოში არაერთი სარჩელი შეიტანა.

2020 წლის არჩევნების გამარჯვებული ოფიციალურად დეკემბერში გამოცხადდება. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG