Accessibility links

logo-print logo-print

კახა საბანაძე: მედიისთვის წყლის ჭავლი არ დაგვიმიზნებია


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძე ამბობს, რომ ცესკოსთან აქციის დაშლის დროს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლი დამიზნებით არ გამოუყენებიათ. მისი თქმით, წყლის ჭავლს მხოლოდ იმ მიმართულებით იყენებდნენ, საიდანაც საფრთხე არსებობდა.

"იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა, დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკოს შენობაში უკანონოდ შესვლას. ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა", - თქვა მან.

აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლით დასველდნენ და დაზიანდნენ მედიასაშუალების წარმომადგენლები. მათ შორის ისინიც, ვინც პოლიციის კორდონთან რამდენიმე ათეული მეტრით იყვნენ დაშორებულები და შედარებით ნეიტრალური ადგილიდან, უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობდნენ.

​ცესკოსთან გუშინ ღამით ის მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, რომლებიც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. ისინი მანამდე პარლამენტის შენობის წინ იდგნენ და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვდნენ.

რუსთაველზე აქცია 20:00 საათზე დასრულდა, პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ცესკოს შენობასთან გადასულიყვნენ და რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყვეს. ცესკოსთან მოქალაქეებმა შეკრება 20:30 საათიდან დაიწყეს, მალევე პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ჯებირებზე ხელით, ფეხითა და ქვით ბრახუნი დაიწყეს. თანდათან იზრდებოდა ცესკოსთან მისული სამართალდამცავების რაოდენობა.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მოქალაქეებმა დამატებით მობილიზებული საპოლიციო ძალები დაინახეს. სწორედ ამ დროს გამოიყენა შსს-მ წყლის ჭავლი აქციის მონაწილეთა დასაშლელად. ამ დროს ადგილზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი იყო.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა წყლის ჭავლით მოგვიანებითაც სცადა. დასველდნენ და დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე ჟურნალისტები. აქცია მხოლოდ მას შემდეგ დაიშალა, რაც მოქალაქეებს პოლიტიკოსებმა მიმართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG