Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ოპოზიციური ფრაქციები ფაშინიანთან შეხვედრას ითხოვენ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით


სომხეთის პარლამენტის ორი ოპოზიციური ფრაქციის ლიდერებმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დაუყოვნებლივ შეხვედრა მოითხოვეს მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

ორშაბათ დილას რეგიონში გრძელდებოდა საბრძოლო მოქმედებები. ბაქო და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება განსხვავებულ ინფორმაციას იძლევიან მათ შესახებ.

„აყვავებული სომხეთისა“ და „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერებმა, გაგიკ წარუკიანმა და ედმონ მარუტიანმა ერთობლივ განცხადებაში პრემიერ-მინისტრს შეახსენეს ოქტომბერში გამოთქმული თხოვნა, დაუყოვნებლივ გამართულიყო უშიშროების საბჭოს სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად. მათი თქმით, ფაშინიანს ოფიციალური პასუხი არ გაუცია მათი თხოვნისთვის.

განცხადებაში პარლამენტარები მოითხოვენ, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების ფონზე დაუყოვნებლივ გაიმართოს ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრა.

კვირას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი შუშა, რომელიც სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის მახლობლად მდებარეობს. სომხური მხარე აცხადებს, რომ ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.
აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG