Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: დღეისათვის თავისუფალია დაახლოებით 250-მდე საწოლი


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირებულთათვის 250-მდე საწოლია თავისუფალი. დაავადებულთა საწოლფონდის მდგომარეობაზე საუბრისას მან განმარტა, რომ ამ დროისათვის დაკავებულია სულ 4500-მდე საწოლი, გათავისუფლების ფაზაშია დაახლოებით 600, შემდეგ კი 700 საწოლი. მისივე თქმით, მთლიანობაში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობისთვის 8000-მდე საწოლის მობილიზება იგეგმება:

„იცით, რომ ქვეყანაში გვაქვს 17 000 საწოლი, საიდანაც შეიძლება მობილიზაცია გაკეთდეს 12 000-ის, მაგრამ ამ 12 000-ში ასევე უნდა შევიდეს ის საწოლები, რომლებიც ჩვეულებრივად იგივე ტრამვებისთვის, იგივე სხვადასხვა დაავადებებისთვის ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ და კოვიდზე შეიძლება პოტენციურად ქვეყანაში გამოყენებული იყოს 8 000 საწოლი“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2927 შემთხვევა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 60 680 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2470-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 45 042.

გასულ 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 499-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG