Accessibility links

logo-print logo-print

გიგა ბოკერია: დიალოგის თემა უნდა იყოს ის, რამაც კრიზისი გამოიწვია


გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისათვის, თუმცა დიალოგის მთავარი საკითხი უნდა იყოს არჩევნები, მისი შედეგები და ხელახალი არჩევნების ჩატარება.

გიგა ბოკერია გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნის საკითხზე და განაცხადა, რომ დიალოგი კრიზისის დროს მის გამომწვევ მიზეზებზეა საჭირო:

„კრიზისი გამოიწვია მთელმა წლებმა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის, თუმცა ამის კულმინაცია იყო არჩევნები. ამიტომ, დიალოგი აბსოლუტურად ნორმალური რამეა და ოპოზიციამ მთლიანად, მათ შორის, „ევროპულმა საქართველომ“ თქვა, რომ დიახ, დიალოგი არის საჭირო ასეთი კრიზისის დროს, ოღონდ შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა რაღაც სხვა თემაზე.

მთავარი საკითხი, რომლის შიგნითაც არის ბევრი ქვესაკითხი, არის ეს არჩევნები და მისი სამარცხვინო შედეგები, მისი გაუქმება და ხელახალი არჩევნების ნორმალური ჩატარება. დიალოგისთვის ამ საკითხზე ვართ მზად“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა და მმართველ პარტიას უარი მასზე არასოდეს უთქვამს. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძე მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის დიალოგის გამართვის საკითხზე.

„მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, - განაცხადა თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის თქმითაც, საჭიროა, პროცესები ქუჩიდან სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე გადავიდეს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცავებმა ცესკოსთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. „ქართული ოცნება“ გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG