Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნუ გვაბრმავებ" - ჟურნალისტებმა შსს-სთან აქცია გამართეს


იმ ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნით, ვინც გუშინ ცესკოსთან აქციის დაშლის დროს საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებულმა წყლის ჭავლმა დააზიანა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

აქციაზე მისულ ჟურნალისტებს ხელში ეჭირათ გუშინ აქციის დაშლის დროს დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები.

დღეს, აქციის დაშლის მეორე დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ თქვა, რომ წყლის ჭავლი ჟურნალისტების მიმართ გამიზნულად არ გამოუყენებიათ. აქციის დაშლის დროს რადიო თავისუფლება პირდაპირ ეთერში იყო, სადაც ნათლად ჩანდა, როგორ უმიზნებდნენ წყლის ჭავლს ფურგონზე მდგარ ოპერატორებს. აქციის დაშლის დროს „TV პირველის“ ოპერატორს თვალი დაუზიანდა, დაშავდნენ სხვა ჟურნალისტებიც.

ტექნიკის დასველების გამო პირდაპირი ეთერის შეწყვეტა მოუწია რადიო თავისუფლების გადამღებ ჯგუფსაც.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აქციის დაშლის დროს ჟურნალისტები შავდებიან. ასე მოხდა გასული წლის 20 ივნისის ღამესაც. მაშინ დაშავებული ჟურნალისტების რაოდენობამ რამდენიმე ათეულს გადააჭარბა. მაშინაც და ახლაც, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ჟურნალისტი მოქალაქისგან ჩაცმულობით ან აღჭურვილობით გაირჩევა, სამართალდამცავი უწყებები აცხადებენ, რომ მოქალაქეებისგან ჟურნალისტების გარჩევა ვერ ხერხდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG