Accessibility links

site logo site logo

შს მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა


8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის მიმდინარეობა და მისი დაშლის ღონისძიებები შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით შედგა და ინფორმაცია დიპლომატებს პროაქტიულად მიეწოდათ.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებებით, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე შეკრებებისა და საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას”, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, შეკრებების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და მათზე პოლიციის რეაგირების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო პარტნიორებისთვის პროაქტიულ რეჟიმში მიწოდების თაობაზე.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცავებმა ცესკოსთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 3 ჟურნალისტი. აქციის მონაწილეთა მიმართ შსს-ს ქმედება - წყლის ჭავლის გაფრთხილების გარეშე გამოყენება და არათანაზომიერი ძალა - გააკრიტიკა არაერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს 19 პირი დააკავეს. მათ სამართალდამცავი სისტემა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG