Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის


გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე

გივი მიქანაძემ, რომელიც „ქართული ოცნების" პარტიულ სიაშია, ბრიფინგზე ილაპარაკა ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ. „ჩვენმა გუნდმა ძალიან ღიად, საჯაროდ და აშკარად გამოთქვა პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ ნებისმიერი კონსტრუქციული დიალოგის მზაობა გვაქვს. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ წარმომადგენლებთან საელჩოების მეშვეობით საქართველოში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული განხილვისთვის, თუმცა, ის, რაც ხდება და რისი მომსწრენიც ვართ, ეს არის იმ დადგმული სცენარის გაგრძელება, რომელიც კონსტრუქციული ელემენტის არსებობას გამორიცხავს", - აღნიშნავს მიქანაძე.

როგორც „ქართული ოცნების" წევრი ამბობს, არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, რომ ძირითადი თავისუფლების პრინციპები დაცული იყო. „საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ოპოზიციას, რომელიც საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში და ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, სადაც თითოეული მოქალაქის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული და მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში ამ საქმიანობის გაგრძელება, ამ კუთხით ოპოზიცია დგამს მხოლოდ რადიკალურ ნაბიჯებს, რომელთა მიმართაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კონსტრუქციული ვიყოთ“, - თქვა მიქანაძემ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცველებმა ცესკო-სთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. „ქართული ოცნება“ გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG