Accessibility links

logo-print logo-print

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვემზადებით ახალი პარლამენტის მუშაობისთვის


„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურის და ახალი პარლამენტის მუშაობისთვის ემზადებიან.

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საკითხები და ცესკოს მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების და დამკვირვებლების ჩართულობით გადათვლილი 39 უბნის მონაცემები, რომელთა გამო კითხვები არსებობდა.

თალაკვაძემ ხაზი გაუსვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით და მისასალმებელია ცესკოს მიერ უბნების გადათვლა. თალაკვაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება იოლი არ იყო, თუმცა საქართველომ შეძლო პანდემიის დროს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

„ჩვენ ვემზადებით მეორე ტურებისთვის. ვემზადებით ასევე, ახალი პარლამენტის მუშაობისთვის, რომელიც იქნება უფრო პლურალისტური და ვფიქრობთ, რომ უფრო უკეთ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, - უთხრა მედიას არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგის შესაძლებლობას, თალაკვაძის თქმით: „ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის, მზად ვართ მუშაობისთვის ახალ პარლამენტში. თუ ვინმეს სჭირდება ამასთან დაკავშირებით მოწოდებები, ეს არის ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი დესტრუქციული ნაწილი, რომელიც ამ დღეებში ცდილობდა არა საუბრის, არა დიალოგის, არა ნორმალური პოლიტიკური გზით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებით მიეღო რაიმე დივიდენდები. თუმცა, როგორც ხედავთ, ეს პროცესი წარუმატებლად სრულდება“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამართალდმაცავებმა და სახელმწიფომ კანონის დაცვით, ღირსეულად უპასუხეს ამ გამოწვევას და არავის მისცემენ ქვეყნის დემოკრატიასა და დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე თავდასხმის საშუალებას.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვს და საპროტესტო აქციებს მართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG