Accessibility links

site logo site logo

კობახიძე: შეგვიძლია პარტიები დავარწმუნოთ იმაში, რაშიც დარწმუნებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის რიგებში არსებობს ოპტიმისტური მოლოდინი იმისა, რომ არჩევნების შედეგები ოპოზიციის მიერაც იქნება აღიარებული. ეუთო-ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, რომ ამისთვის არსებობს მარტივი მონაცემები, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემები იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა:

„მთავარი რესურსი მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად უტყუარი მტკიცებულებები არსებობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით. იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები, მაგალითად, არასწორად შედგენილი ოქმებით მანიპულაცია და ასე შემდეგ, რის საფუძველზეც ისინი ამტკიცებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. რეალურად მთავარი ჩვენი არგუმენტი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად დემოკრატიულ გარემოში და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ყველასთან. მათ შორის, მზად ვართ იმისთვის, რომ ინფორმაცია არჩევნების კორექტულად და დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ სუბიექტს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ანუ ჩვენ პარტიები შეგვიძლია დავარწმუნოთ იმაში, რაშიც დარწმუნებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სტატისტიკური ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ცესკოს მიერ დაფიქსირებული მონაცემები ზუსტად ემთხვევა ამომრჩევლის განწყობას.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურის და ახალი პარლამენტის მუშაობისთვის ემზადებიან.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG