Accessibility links

logo-print logo-print

პარლამენტის თავმჯდომარე აქტივისტებს ურჩევს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ


აქცია საქართველოს პარლამენტთან. 2020 წლის 9 ნოემბერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობას ადგენს საკონსტიტუციო სასამართლო და „არა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქუჩიდან ხმამაღლა უყვირის საზოგადოებას და დასკვნებს აკეთებს“.

არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებებს, რომ საარჩევნო პროცესის ნაწილის - ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში გადაადგილების შეზღუდვა ეწინააღმდეგება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას.

„თუ მათ იურისტებს ან აქტივისტებს მიაჩნიათ რომელიმე რეგულაცია არაკონსტიტუციურად, უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ის შეაფასებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს დღის განმავლობაში არაფერი ეზღუდებათ და შეუძლიათ მეორე ტურების წინ სრულფასოვანი კამპანია ჩაატარონ.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდულია ქვეითად და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, აქცია 22:00 საათის შემდეგაც გააგრძელეს. ამის გამო ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს არაერთი პირი. ჯარიმა 2000 ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG