Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გოგია: ძალის გამოყენებას ყოველთვის უნდა ახლდეს შემდგომ პასუხისმგებლობა


გიორგი გოგია
გიორგი გოგია

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორის, გიორგი გოგიას შეფასებით, ძალის გამოყენებას ყოველთვის უნდა ახლდეს შემდეგ ხელისუფლების მიერ თავისი პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გიორგი გოგიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ შეისწავლოს, როგორ, რატომ იქნა ძალა გამოყენებული და იყო თუ არა ის ადკევატური იმ საჭიროებისა და საფრთხისა, რომელიც იმ დროს არსებობდა.

„თუ ესეთი არ იყო, მაშინ აუცილებელია რომ მოხდეს პასუხისგებაში მიცემა ყველა იმ პირის, ვინც ეს ძალა გამოიყენა და ასევე ის, ვინც ასეთი სახის ბრძანება გასცა იმ დროს. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში, როგორც წინა ხელისუფლების, ისე ამ ხელისუფლების პირობებში ყოველთვის იყო პრობლემა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსებიდან და გარკვეული თანამდებობის პირებიდან ვისმენთ დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა გადამეტებული ძალა გამოყენებული და რა სახის საფრთხე არსებობდა იმ დროში და არ ტარდება დამოუკიდებელი, მიუკერძოებული და დროული გამოძიება ამ შემთხვევების“, - განაცხადა გიორგი გოგიამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცავებმა ცესკოსთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 3 ჟურნალისტი. აქციის მონაწილეთა მიმართ შსს-ს ქმედება - წყლის ჭავლის გაფრთხილების გარეშე გამოყენება და არათანაზომიერი ძალა - გააკრიტიკა არაერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბერს ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს 19 პირი დააკავეს. მათ სამართალდამცავი სისტემა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG