Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ატომურმა ელექტროსადგურმა გახსნიდან მალევე შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება


ბელარუსის ატომურმა ელექტროსადგურმა, რომელიც ლუკაშენკამ 7 ნოემბერს საზეიმოდ გახსნა, მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე საათში შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება.

ქვეყნის მარეგულირებელ უწყება „გოსატომნადზორზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ცნობაში, მუშაობის შეფერხების მიზეზად დასახელდა სადგურზე რამდენიმე ტრანსფორმატორის აფეთქება.

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გასულ კვირაში ოფიციალურად გახსნა პირველი და ერთადერთი ატომური ელექტროსადგური თავის ქვეყანაში და დაიქადნა, რომ აღმოსავლეთევროპული ქვეყანა „ბირთვული სახელმწიფო გახდება“.

„ასტრავეცის ბირთვული სადგური ახალი ნაბიჯია მომავლისკენ, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“, თქვა მან 7 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით. ქალაქ ასტრავეცთან მდებარე ელექტროსადგური რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, „როსატომის“ მიერ იქნა აგებული და დაფინანსებული მოსკოვისგან მიღებული 10 მილიარდი დოლარის ოდენობით კრედიტით.

დასავლეთში, ჰროდნას რეგიონში, ბირთვული სადგურის აშენებას წინ აღუდგა მეზობელი ლიტვა, რომლის დედაქალაქი, ვილნიუსი იქიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. პროტესტის ნიშნად ლიტვამ შეწყვიტა მეზობლისგან ელექტროენერგიის შესყიდვა.

მინსკში აცხადებენ, რომ ასტრავეცის სადგური სრულიად უსაფრთხოა და შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. ბელარუსის ხელისუფლება რუსულ სახელმწიფო კომპანია „როსატომთან“ ერთად განიხილავს კიდევ ერთი ატომური ელექტროსადგურის და კვლევითი რეაქტორის მშენებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG