Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ეს არ იყო საუკეთესო განცხადება


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, პარტიის სხვა წევრებმა არაფერი იცოდნენ 10 ნოემბერს, გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებული განცხადების თაობაზე, რომელშიც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაეტანათ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაენაცვლებინათ.

„დღეს, როცა ვართ ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, და ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით და ეს გამარჯვება განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომდევნო ათ წელს, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით. როცა განცხადება იწვევს აზრთა სხვადასხვაობას ან მას სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თანაგუნდელის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

ნიკა მელიას სიტყვებით, მთავარი ამ პროცესში არის ის, რომ უცვლელია რუსთაველის გამზირზე გამოცხადებული მოთხოვნები, რაშიც ერთიანნი არიან როგორც განსხვავებული პოლიტიკური, ისე განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფები.

ამ მოთხოვნებს შორის პირველი და უმთავრესი არის ხელახალი ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

სწორედ ეს მოთხოვნაა ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების წინაპირობაც.

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიები გაფართოებულ შეხვედრას მართავენ „ლელოს“ ოფისში, რომლის დასრულების შემდეგ ასევე უნდა გახდეს ცნობილი, შეუერთდებიან თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები „გირჩის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ევროპული საქართველოს“ ერთობლივ განცხადებას, რომელიც მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG