Accessibility links

ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ


90 კილოგრამში ოქროს მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა.

ხორვატიის ქალაქ პორეჩში, 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს ვაჟებში დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები და აქედან ორში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ.

81 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა. 90 კილოგრამში კი ოქროს მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა. გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლაში შვეიცარიელი ლუკას ვიტვერი დაამარცხა. მაისურაძემ კი რუსეთის ნაკრების წევრ ეკუბჟან ნაზიროვს აჯობა.

საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსან გელა ზაალიშვილს უმაღლეს ტიტულამდე სულ ცოტა დააკლდა - ფინალში, დამატებით დროში წააგო უნგრელ რიჩარდ შიპოცთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ) და ონისე სანებლიძემ (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სულ ცხრა ქართველი ძიუდოისტი გავიდა ტატამზე და მათგან რვამ მედალი მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა, 36 ქვეყნის ნაკრებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG