Accessibility links

site logo site logo

პომპეო: კანონიერად მიცემული ხმების დათვლის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია მეორე ვადით დარჩება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანონიერად მიცემული თითოეული ხმის დათვლის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მეორე ვადით დარჩება.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მაიკ პომპეომ პირდაპირი პასუხი არ გასცა ჟურნალისტის შეკითხვას, აზარალებს თუ არა დამარცხების აღიარებაზე დონალდ ტრამპის უარი უცხოეთში არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარებას. პომპეომ თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს მთელ მსოფლიოში უსაფრთხო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

Reuters-ი წერს, რომ მოგვიანებით, Fox News-თან ინტერვიუში პომპეომ ტონი შეარბილა. მისი განცხადებით, დარწმუნებულია, რომ კარგი გადასვლა იქნება და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მას, ვინც 20 იანვარს თანამდებობას დაიკავებს, ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდეს. აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

ამ დღეებში, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იწყებს ვიზიტებს საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროსა და საუდის არაბეთში. ამ ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის საქართველომ დემოკრატ ჯო ბაიდენს უკვე მიულოცა პრეზიდენტად არჩევა.

ბაიდენმა, რომელსაც არჩევნების წინასწარი შედეგებით უკვე აქვს პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო 270-ზე მეტი ხმა საარჩევნო კოლეგიიდან, 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაცემას ვერაფერი შეაჩერებს.

რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომელიც დამარცხებას არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, სასამართლო დავა წამოიწყო. გარდა ამისა, გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა ფედერალურ პროკურორებს დაავალა, დაიწყონ ხმის მიცემის და ბიულეტენების დათვლისას შესაძლო დარღვევების გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG