Accessibility links

პენტაგონში შეშფოთებას იწვევს უწყების შიგნით მიმდინარე საკადრო ცვლილებები


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 10 ნოემბერს გამოაცხადა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მას შემდეგ, რაც წინ დღით თეთრმა სახლმა თანამდებობიდან გაათავისუფლა პენტაგონის ყოფილი შეფი, მაიკ ესპერი.


გავრცელებული ცნობით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საკვანძო თანამდებობებზე ინიშნებიან დონალდ ტრამპის მიმართ ლოიალურად განწყობილი მოხელეები, რაც არა მხოლოდ ამერიკელი დემოკრატების ბანაკში იწვევს შეშფოთებას, არამედ ასევე სამხედრო უწყების შიგნით, აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით მოსალოდნელ ნაბიჯებსა და სამხედრო უწყების შესაძლო პოლიტიზების გამო იმ ფონზე, როდესაც რესპუბლიკელი ტრამპი უარს ამბობს აღიაროს არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.



New York Times-ის თანახმად, პენტაგონში შიშობენ, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დარჩენილ 71 დღეში, დონალდ ტრამპმა შესაძლოა დაიწყოს ფარული ან ღია ოპერაციები ირანის წინააღმდეგ ან გასცეს ბრძანება ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის სრული გაყვანის შესახებ.



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი და მის ნაცვლად, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა კრისტოფერ მილერი, ნაციონალური ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორი.



„მარკ ესპერი გათავისუფლებულია. მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კრისტოფერ კ. მილერი, ნაციონალური ანტიტერორისტული ცენტრის ღრმად პატივცემული დირექტორი (სენატის მიერ ერთსულოვნად დამტკიცებული), ამ მომენტიდან მოყოლებული შეასრულებს თავდაცვის მინისტრის მოვალეობას“, - დაწერა ტვიტერში დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „უხერხული“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ტრამპი არ აღიარებს არჩევნების შედეგს. ამასთან, ბაიდენი დარწმუნებულია, რომ აშშ-ში ხელისუფლების გადაბარების პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG