Accessibility links

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო ადმინისტრაციისა და პროცედურების ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტს ამზადებს


გიორგი ვაშაძე

„ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ უახლოეს მომავალში წარადგენს პრეზენტაციას საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცედურების ცვლილებებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთია იმ სამს შორის, რომელსაც ბლოკის 11 ნოემბრის შეხვედრაზე დაუჭირეს მხარი.

ამ საკითხებს შორის, კერძოდ, პირველია შეთანხმება მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის გაგრძელების შესახებ, მეორე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საარჩევნო პროცედურების სრულფასოვანი ცვლილებების პროექტი, და მესამე - მზაობა ხელისუფლებასთან დიალოგისთვის დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით.

„დიალოგი ოღონდ არსებით საკითხებზე, რომელსაც სვამს ოპოზიცია და არა რაღაცა ჰაეროვან გაუგებარ საკითხებზე და მე ვფიქრობ, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა იცის კიდეც ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ოპოზიციას თავისი მოთხოვნები - საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომა, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ჩამოყალიბებული აქვს და ნათელი უნდა იყოს ხელისუფლების პოზიციაც.

არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დიალოგის წინაპირობად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების პატივისცემას ასახელებს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG