Accessibility links

აშშ სანქციებს დაუწესებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში მონაწილე სადაზღვევო და სასერტიფიკაციო კომპანიებს


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა სანქციების შემოღებას აპირებს იმ სადაზღვევო და სასერტიფიკაციო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობენ. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს რესპონდენტების თქმით, შეზღუდვები შეტანილ იქნება 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში. სანქციები არ შეეხება გერმანიას. რუსეთის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენმა ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს და ითვალისწინებს წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას რუსეთიდან გერმანიამდე. ვარაუდობდნენ, რომ მილების ჩაწყობა 2019 წელს დასრულდებოდა. მაგრამ სამუშაოები შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა პროექტის მონაწილეთა მიმართ სანქციების პაკეტი მიიღო.

აშშ, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პროექტს, აცხადებს, რომ ის ევროპას ზედმეტად დამოკიდებულს ხდის რუსეთის გაზზე და მოსკოვს საშუალებას მისცემს გააძლიეროს ზეწოლა უკრაინაზე, რომლის ტერიტორიის გავლითაც მიეწოდება ამჟამად გაზი ევროპას. სანაცვლოდ ვაშინგტონი ბრიუსელს ამერიკულ ენერგომატარებლებს სთავაზობს.

რუსეთი, გერმანია, ავსტრია და ზოგიერთი სხვა ქვეყანა, რომელთა კომპანიები მონაწილეობენ გაზსადენის მშენებლობაში, ამტკიცებენ, რომ საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესპროექტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG