Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხვადასხვა ქალაქში შემაჯამებელი ოქმების გაფორმების დროს საოლქო კომისიებთან აქციები გაიმართა


საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიები შემაჯამებელ ოქმებს აფორმებენ, აქციები გაიმართა. მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და შედეგებს აპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში, ბათუმში, გორში, წყალტუბოში, თელავსა და ზუგდიდშიც. ყველა ამ ქალაქში შემაჯამებელ ოქმებს აწერენ ხელს.

ზუგდიდში აქციაზე შეკრებილებს პლაკატები ჰქონდათ წარწერით: "ქართული ოცნების შტაბი", "ნუ გვართმევთ მომავალს", "ბნელა". აქციაზე კომისიის თავმჯდომარისთვის გადასაცემად საანგარიშოც მიიტანეს - ამით ისინი დაუბალანსებელ ოქმებს აპროტესტებდნენ.

თელავის საარჩევნო ოლქი პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. "ნაციონალური მოძრაობიდან" კომისიის წევრი აცხადებდა, რომ გაყალბებულ შემაჯამებელ ოქმს ხელს არ მოაწერდა. ოქმის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენა "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმაც, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

ცესკოს არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 48 პროცენტზე მეტი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო და მას მინიმუმ 74 მანდატი უკვე აქვს. პარტიას უმრავლესობაში მოსასვლელად მხოლოდ 2 მაჟორიტარული ოლქის მოგებაღა სჭირდება.

ოპოზიცია ამ შედეგებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ისინი აქციებს მართავენ და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG