Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანული და სომხური ინტერნეტმიმები ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ


სექტემბრის ბოლოს, მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ძალით გაღვივდა დაპირისპირება ინტერნეტშიც. საერთაშორისო მედია წერდა „საინფორმაციო ომზე“, - კოორდინირებულ კამპანიაზე სოციალურ მედიებში, - რომელსაც ორივე მხარე აწარმოებდა და რომლის მიზანიც მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვება იყო.

თუმცა, ხელისუფლებების მიერ კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის გარდა, ორი ქვეყნის მიერ ამ კონფლიქტის მათეულ ხედვას სპონტანურად შექმნილი დაჯგუფებებიც ავრცელებდნენ. სომხურ და აზერბაიჯანულ საიტებზე, „ფეისბუკის“, „ტვიტერისა“ თუ „ინსტაგრამის“ ანგარიშებზე აქტიურად ვრცელდებოდა ინტერნეტმიმები - ადვილად დასამზადებელი და გასავრცელებელი ფოტოები მინაწერით.

მიმების გამავრცელებელი სომხური და აზერბაიჯანული ჯგუფები, რომლებიც, როგორც ჩანს, სექტემბრის ბოლომდე სახალისო ფოტოების შექმნითა და გავრცელებით იყვნენ დაკავებულნი, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ თითქმის მთლიანად საბრძოლო თემატიკაზე გადაერთვნენ.

ამგვარი მიმები, ხშირად ლაკონიურად და გასაგებად გადმოსცემენ ხოლმე, თუ როგორ ხედავს მოვლენებს და რას მიიჩნევს მნიშვნელოვნად მისი შემქმნელი. ამან კი შეიძლება უკეთ გაგვაგებინოს რიგითი სომხისა თუ აზერბაიჯანელის განწყობა, ვიდრე ოფიციალური ორგანოს გამოცემულმა პრესრელიზმა - განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ტიპის გამოსახულებები ცენზურას არ გადის და არც კორექტულობის ჩარჩოებში ჯდება.

სწორედ ამ უცენზურობის გამო, მიმების უმეტესობას აქ ვერ შემოგთავაზებთ - არა უხამსი სიტყვების გამო, არამედ უფრო პროპაგანდისტული შინაარსის გამო: სომხური და აზერბაიჯანული მიმები ერთმანეთს ბრალს სდებენ ომის დანაშაულებში, მოწინააღმდეგის სამოქალაქო მოსახლეობის დახოცვასა და საკუთარი მსხვერპლის გაზვიადებაში.

ზოგი მიმი კი გარეშე დამკვირვებლისთვის შეიძლება რთული გასაგები აღმოჩნდეს. თუ არ იცი, ვინ არის ჰიკმეტ ჰაჯიევი (ილჰამ ალიევის მრჩეველი, რომელიც ომის დროს ხშირად ჩნდებოდა პრესის წინაშე), ვერ მიხვდები, რატომ წარმოსახავენ მას გმირად აზერბაიჯანელი ინტერნეტმომხმარებლები. ასევე, თუ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს ახლოდან არ ადევნებდი თვალს, გაუგებარი დარჩება, თუ რატომ წარმოსახავენ სომხეთში გმირად (აზერბაიჯანში კი დასცინიან) არაიკ ჰარუთუნიანს - მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ან რატომ არის, რომ არც აზერბაიჯანული და არც სომხური მიმების ავტორებს სჯერათ შუშან სტეპანიანის, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი გახლავთ.

როგორც წესი, მიმებს სახალისოდ ან გასართობად აზიარებენ ხოლმე. ამათში კი არაფერია სასაცილო - ეს გამოსახულებები ხომ სისხლიანი ომის ამსახველი დოკუმენტია, სადაც ჩანს, თუ როგორ ხედავენ ორი ქვეყნის მცხოვრებლები ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ვცადეთ ისეთი მიმები შეგვეგროვებინა, რომლებიც განსაკუთრებულად შეურაცხმყოფლად არ მოგვეჩვენა - მათი უმეტესობა ამ კონფლიქტის მიმართ საზღვარგარეთის დამოკიდებულებას შეეხება, თუმცა რამდენიმე მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება. ზოგიერთზე ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა სომხებსაც გაეკეთებინათ და აზერბაიჯანელებსაც, ამიტომ ყველა მათგანს წარმომავლობაც მოვაყოლეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG