Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძის თქმით, სიკვდილობის მიზეზებს ფუნდამენტურად მოგვიანებით გააანალიზებენ


თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ხელმძღვანელობს კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფს, ლაპარაკობს ვირუსით გამოწვეულ სიკვდილის მიზეზებზე.

იმუნოლოგის თქმით, ხდება სიკვდილობის მიზეზის გაანალიზება, ოღონდ ოპერატიულად. ის აღნიშნავს, რომ მოგვიანებით იმუშავებენ ფუნდამენტურ გაანალიზებაზე. კლინიცისტი გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს შემთხვევებს, როდესაც პაციენტები გვიან მიმართავდნენ ექიმს.

„ყოველ 24 საათში ხდება სიკვდილის შემთხვევების გაანალიზება და მნიშვნელოვანი წილი მოდის იმ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტი, იყო რა ავად, რაღაც რესპირაციული ინფექციით, რომელიც მიმდინარეობდა ცხელებით ან ცხელების გარეშე, არ მიმართავდა ექიმს, სანამ უკიდურესად არ დამძიმდებოდა. ამის შემდეგ ის სასწრაფო დახმარების მანქანით პირდაპირ შეჰყავდათ რეანიმაციულ განყოფილებაში. იქ ხდებოდა მათი ინტუბირება და, სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი იღუპება. ასეა მთელ მსოფლიოში. მხედველობაში მაქვს არა ის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფმა მიმართა სასწრაფოს ან ექიმს (ან ოჯახის ექიმს, ონლაინექიმს), ან შეეცადა მიემართა და ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია. ასეთი შემთხვევებიც არის, მაგრამ ეს გაცილებით იშვიათად ხდება სიკვდილის მიზეზი. შეიძლება, დაგვიანებით, მაგრამ ამ პაციენტებს დახმარება მაინც ეწევათ. თუ ჰქონდა მცდელობა და ვერ მოემსახურა ჯანდაცვა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

იმუნოლოგი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც ექნება რესპირაციული ვირუსის სიმპტომები, არ მიმართონ თვითმკურნალობას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ექიმს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი. ეს 24 საათში ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 566-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG