Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ერთობლივი ცენტრის შექმნის თაობაზე


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში შეხვედრისას. 2020 წ. 5 მარტის ფოტო.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში შეხვედრისას. 2020 წ. 5 მარტის ფოტო.

თურქეთმა და რუსეთმა ოთხშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ერთობლივი ცენტრის შექმნის თაობაზე.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა. მისი თქმით, ანკარა შეუერთდება სამშვიდობო ძალებს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში განლაგდებიან. თავად მონიტორინგის ცენტრი იმოქმედებს ტერიტორიაზე, რომელიც ადრე სომხეთის ძალების კონტროლქვეშ იყო, მაგრამ ამჟამად აზერბაიჯანის ხელში გადადის, როგორც ეს მიღწეულ შეთანხმებაშია აღნიშნული. ერდოანის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო Anadolu აქვეყნებს.

ორშაბათს ღამით ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მოაწერეს ხელი განცხადებას, რომლის თანახმად, 10 ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში ზავი ცხადდება და წყდება ყოველგვარი სამხედრო მოქმედებები.

აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო შენაერთები დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან. ამავე დროს მათი პოზიციებისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის სამეთვალყურეო პოსტები. რეგიონში უკვე დაწყებულია რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩასვლა.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში თურქეთის ჯარების განთავსების შესახებ არავითარი შეთანხმება არ არსებობს. თუმცა დაადასტურა, რომ თურქეთი ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში ითანამშრომლებს რუსეთთან. პესკოვის თქმით, ზოგიერთი ნიუანსი ჯერაც დასაზუსტებელია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორშაბათს საღამოს, სამმხრივი განცხადების ხელმოწერის წინ, ვლადიმირ პუტინთან ვიდეოჩართვისას თქვა, რომ „დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG