Accessibility links

ევროკავშირმა კორონავირუსის პირველი ვაქცინა მომავალი წლის დამდეგს შეიძლება მიიღოს


ევროპის კავშირში კორონავირუსის პირველი ვაქცინა მომავალი წლის დამდეგს შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი, განაცხადა 11 ნოემბერს ევროკავშირის ჯანდაცვის უწყებამ. რუსეთმა კი განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ, Sputnik V-მა 92%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ამასობაში დიდ ბრიტანეთში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების 595 ახალი შემთხვევა აღირიცხა და 11 ნოემბერს COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ევროპაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 50 ათასს გადააჭარბა.

ორი დღის წინ ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა და გერმანიის კომპანია BioNTech-მა გამოაცხადეს, რომ მათი ვაქცინის გამოცდამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, რამაც გაზარდა ვირუსისგან განკურნების იმედები და საფონდო ბირჟებზე კურსების აღმასვლა გამოიწვია.

როგორც დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) დირექტორმა, ანდრეა ამონმა განაცხადა სტოკჰოლმში, სადაც უდევს ბინა ორგანიზაციას, ვაქცინაციის პროგრამა შეიძლება დაიწყოს, „ოპტიმისტურად თუ მივუდგებით, მომავალი წლის პირველ კვარტალში, მაგრამ უფრო მეტად მიჭირს დაზუსტება.“

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ვაქცინის არსებობის პირობებშიც კი „აღდგენითი პროცესი შეიძლება იყოს არა ხაზოვანი, არამედ ცვალებადი, წინააღმდეგობრივი და ვაქცინის გამოსვლის სიჩქარეზე დამოკიდებული.“

ამჟამად ევროპაში, სადაც კორონავირუსმა მთლიანობაში 317525 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ინფიცირების 13,5 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ბევრ ქვეყანაში აღინიშნება ეპიდემიის გავრცელებაში სწრაფი ზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG