Accessibility links

logo-print logo-print

გრიგოლ ვაშაძე: სულაც არ მაქვს პრობლემა საერთოდ დავუპირისპირდე ყველას


გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციურ პარტიებს შორის ოფიციალური მონაცემებით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების პერსპექტივას ვერ ხედავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მზად არის თუნდაც მარტო დარჩენისთვის.

„საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ რევოლუციის ტალღის გარეშე ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია. რა დემოკრატიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, რა პარტიების. მე პირადად დავიღალე. იმიტომ, რომ მოქალაქეს ველაპარაკები და ის მეუბნება: „ბატონო გრიგოლ, ხმას მოგცემთ, მაგრამ ამ ხმას დაიცავთ?" გამოდის, რომ ამ ხალხს მე პირადად ვატყუებ 2017 წლიდან. მე პირადად არ შემიძლია ამის მოთმენა. თუ ამისთვის მარტო დარჩენაა საჭირო, რომ ეს ხმამაღლა თქვა, მე ამას ხმამაღლა ვამბობ. თავმჯდომარის პოსტი და პარტია კი არაა, საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვედი, მაგრამ ნორმალურად ვარ და ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. სულაც არ მაქვს პრობლემა საერთოდ დავუპირისპირდე ყველას", - აღნიშნა ვაშაძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში და დაამატა, - „თუ აღმოჩნდა, რომ მე უმცირესობაში ვარ. არა მხოლოდ პარტიაში, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი იტყვის, რომ „მოწყვეტილი ხარ რეალობას, საერთოდ არ გესმის რაზე ლაპარაკობ. ყველაფერი რაც ახლა ხდება, სრულიად შეესაბამება ჩვენს განწყობასა და იმის ხედვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს რეალობა". პრობლემა არ მაქვს მარტო დარჩენის".

როგორც ვაშაძე ამბობს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ვერ ისწავლა საქართველოს პირობითად ორმა მოქალაქემ ერთმანეთთან საუბარი. „პირველი წინაპირობა, რაც საგარეო და შიდა მიზნების მიღწევას სჭირდება, ეს არის რომ ჩვენ ვაჩვენოთ დემოკრატიის ხარისხი. კამათი შეიძლება ჩვენს დემოკრატიის ხარისხზე?!", - აღნიშნავს ვაშაძე.

ენმ-ის თავმჯდომარე დღევანდელ პირობებში პარლამენტში შესვლას წარმოუდგენლად მიიჩნევს.

„დღევანდელ პირობებში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ იდეოლოგია და ღირებულებები, პარლამენტში შესვლა, ჩვენთვის პარლამენტში შესვლა წარმოუდგენელია. თუ არსებობს რამე გამოსავალი, ეს არის კომბინირებული მიდგომა - პროტესტი და დიალოგი. დიალოგი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საათის საწინააღმდეგოდ გავრბივართ... თუ ვაკეთებთ, სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ, მერე ნურავინ ნუ ჩადგება ამაყ პოზიციაში", - თქვა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ.

მოგვიანებით ვაშაძემ განმარტება გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG