Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის პარტია ოპოზიციას მიმართავს მკაფიოდ თქვას, რომ ომის განახლებას ემხრობა


სომხეთის მმართველი ალიანსის, „ჩემი ნაბიჯის“ საპარლამენტო ფრაქციამ ოპოზიციურ ძალებს მიმართა, ყარაბაღის ომის დასასრულებლად ხელმოწერილი შეთანხმების კანონიერების საკითხის განხილვამდე სომხებს და მსოფლიოს მკაფიოდ უთხრან სამი რამ:

1. მხარს უჭერენ რუსეთის შუამავლობის გაუქმებას;

2. მხარს უჭერენ რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანას;

3. მხარს უჭერენ ომის გაგრძელებას.

„ჩემი ნაბიჯის“ განცხადებით, ამის შემდეგ ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს თავისი საგზაო რუკა განახლებულ ომში გასამარჯვებლად. საპარლამენტო ფრაქცია მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი იყო ერთადერთი საშუალება, თავიდან აეცილებინათ ათასობით მსხვერპლი და ყარაბაღის მთლიანად დაკარგვა.

ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“ აცხადებს, რომ მონაწილეობას არ აპირებს არანაირ სხდომაში, რომელც მიმართული იქნება სომხეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, სულ 17 პოლიტიკური გაერთიანება, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ღალატში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს. ერევანში საპროტესტო აქციების ორგანიზების გარდა, ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ცდილობს. 11 ნოემბერს გამართულ მიტინგზე ოპოზიციამ მოითხოვა, გაუქმდეს ყარაბაღის ომის გამო სომხეთში გამოცხადებული საომარი მდგომარეობაც, რომლის დროსაც აქციების ჩატარება აკრძალულია.

ერევანში საპროტესტო გამოსვლები 10 ნოემბრის ღამით დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს უბრუნდება 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

10 ნოემბერს დილიდან, რუსეთმა დაიწყო ყარაბაღში სამხედროების და ტექნიკის განთავსება.

ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანი კაპიტულაციაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის სპიკერ არარატ მირზოიანს.

სომხეთის მთავრობის შენობაში შეჭრილები. 2020 წლის 10 ნოემბერი
სომხეთის მთავრობის შენობაში შეჭრილები. 2020 წლის 10 ნოემბერი

თავად ფაშინიანი აცხადებს, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერა იმ დროს, როცა ქალაქი შუშა დაეცა და პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ სტეპანაკერტს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის არა ტერიტორიების ჩაბარების, არამედ მათი შენარჩუნების დოკუმენტი.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს ქალაქ შუშაზე.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

კონფლიქტის მოსაგვარებლად წლებია არსებობს ეუთოს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG