Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: დესტრუქციულ ქმედებებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესის შეფასება სულ უფრო მეორეხარისხოვანი ხდება და მოქალაქეების პირდაპირი დავალებაა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსავლის სწრაფად მოძებნა.

„დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება“, - თქვა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

გახარიას შეფასებით, ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როცა საქართველოს მოქალაქემ ცხრა პოლიტიკური ძალა აღჭურვა ქვეყანასა და მის მომავალზე პასუხისმგებლობის საპარლამენტო მანდატით.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებმა ეს გააკეთეს იმ დროს, როცა რეგიონში მძვინვარებდა ომი, გლობალური პანდემია ძალას სულ უფრო იკრებს და ეკონომიკური კრიზისი მძიმდება: „ეს იყო პირდაპირ გამიზნული მესიჯი თითოეული ჩვენი პოლიტიკოსის და პოლიტიკური ძალისთვის, რომ ერთად მოუარეთ ქვეყანას და ერთად იპოვეთ გამოსავალი კრიზისებიდან“.

გიორგი გახარიას თქმით, დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება მდგრადი პოლიტიკური პროცესი, რათა საქართველოს ამბიციური, ევროპული გეგმა განხორციელდეს და თვითონ საარჩევნო პროცესიც და არჩევნების შემდგომი პროცესი უნდა იყოს დემოკრატიული გაძლიერების კიდევ ერთი დადასტურება.

პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, ეს თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა და ერთად უნდა გაუმკლავდნენ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და ეფექტურად და შედეგიანად გააგრძელონ შემდგომი სვლა ევროპისკენ და ევროატლანტიკური მომავლისკენ.

„ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ სპექტრს კარგად ესმის ეს და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა სწორად გაიგოს ეს მესიჯი ჩვენი მოქალაქის და სწორად გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში“, - განაცხადა გახარიამ.

ოპოზიციური პარტიები და ბლოკები, რომლებმაც პარლამენტის მანდატები მოიპოვეს, 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ოპოზიცია მმართველ პარტიასთან დიალოგის თემად განიხილავს ახალ არჩევნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG