Accessibility links

site logo site logo

მინსკის სასამართლომ 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს


ალეჰ ჰრუზდილოვიჩი

მინსკის ფრუნზეს რაიონის სასამართლომ 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა რადიო თავისუფლების ბალარუსული სამსახურის ჟურნალისტ ალეჰ ჰრუზდილოვიჩს. 61 წლის კორესპონდენტს ბრალად ედება მონაწილეობა არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებაში, რომელსაც ის აშუქებდა.

ჰრუზდილოვიჩი ცნობილი ბელარუსელი ჟურნალისტია, რომელიც 25 წელი მუშაობს რადიო თავისუფლებაში. ვინაიდან ბელარუსის ხელისუფლებამ მას აკრედიტაცია ჩამოართვა, ის 25 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა გაზეთ „ნაროდნაია ვოლიას“ საბუთითა და სარედაქციო დავალებით. 19 ნოემბერს ის მილიციამ დააკავა საკუთარ ბინაში, მას წარუდგინეს ფოტოსურათები, რომლებზეც ის აქციაზეა გადაღებული.

„ეს ჩემი როგორც ჟურნალისტის სამუშაოა. არასწორად მიმაჩნია ჟურნალისტების გასამართლება მათი სამუშაოსთვის,“ განაცხადა მან სასამართლოში. „ის, რომ ასეთი ღონისძიებები ხდება ბელარუსში, ჟურნალისტების ბრალი არ არის. ჩვენი ამოცანაა ინფორმაციის მიღება უშუალოდ პირველწყაროდან.“ მისმა ადვოკატმა ბრალდებებს „აბსურდული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთივე ბრალდებებით სასამართლოს შეეძლო პასუხისგებაში მიეცა აქციის მახლობლად ჩავლილი ტროლეიბუსის მძღოლი.

მინსკსა და ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებში აგვისტოდან გრძელდება საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. 9 აგვისტოს არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ოპოზიცია, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ლეგიტიმურად არ ცნობენ კენჭისყრის შედეგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG