Accessibility links

logo-print logo-print

დღეს საქართველოში ჩამოიტანენ ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს


საქართველოში რეზერვში არის 400 000-მდე PCR-ტესტი და 45 000 სწრაფი ტესტი. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, დღეს ქვეყანაში უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი.

„მოგეხსენებათ, რომ ეს მიმართულება მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება ანუ სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, განსაკუთრებით ზამთრის სეზონში. ვფიქრობთ, დამატებით მილიონი სწრაფი ტესტის შესყიდვას, რათა გვიან შემოდგომასა და ზამთარში გვქონდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკა“, - აღნიშნა გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გამყრელიძე სწრაფი ტესტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას: „თუ ჩვენ მსუბუქ სტადიაზე ვიჭერთ შემთხვევას და ადამიანი იზოლირდება სახლში, შემთხვევა არ რთულდება და არ მიდის იმ სტადიამდე, როდესაც მას ჰოსპიტალური და მათ შორის, ინტენსიური ან რეანიმაციული დახმარება სჭირდება“.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 33 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 599-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3120 შემთხვევა, რაც ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 209-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 69 681 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG