Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, თვის ბოლომდე საწოლფონდის 8500-მდე გაზრდა იგეგმება


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების იდეა ყოველთვის განიხილება და მუშავდება, მაგრამ ამ ეტაპზე არასაველე საწოლების მობილიზება ხდება ქვეყანაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა 13 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ დაახლოებით 5 500-მდე საწოლი უკვე მობილიზებულია:

„დღევანდელი რიცხვით 4 751 პაციენტი წევს საავადმყოფოებში და კიდევ ყოველდღიურად ხდება მობილიზება საწოლფონდის, რომელიც ამ თვის ბოლომდე უნდა ავიდეს სადღაც 8 500-მდე. თუ ეს 8 500 არ იქნა საკმარისი, მაშინ არის გეგმა B, რომელიც სწორედ გულისხმობს დიდი სხვა სივრცეების მობილიზებას, მათ შორის, დავარქმევთ ამას საველე ჰოსპიტალს თუ დიდ სივრცეებს, სადაც შეიძლება დამატებით ადგილები იქნეს გამონახული, რომ პაციენტებს მივაწოდოთ ჰოსპიტალური დახმარება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ონლაინბრიფინგზე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 636-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3473 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით, 353-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 73 154 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 55 511.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG