Accessibility links

logo-print logo-print

გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებლის 95 %-მდე აყვანის შემთხვევაში, 70 %-ით შემცირდება ახალ ინფიცირებულთა რიცხვი


ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების და მოხმარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, ახალი ინფიცირების შემთხვევები დაახლოებით 70 პროცენტით შემცირდება. ონლაინბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ასეთი პროგნოზი წამყვან ინსტიტუციებს ეკუთვნით და მისი გათვალისწინება აუცილებელია:

„ევროპაზე დაიდო ეს პროგნოზი, თუ ევროპაში პირბადის 95%-იანი ტარების მაჩვენებელი იქნება, თებერვლის ჩათვლით ევროპაში გადარჩება 266 000 ადამიანის სიცოცხლე. უზარმაზარი ციფრია. ამიტომ გვენდეთ და დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველამ ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, რომლის თქმითაც, ამ მოწოდების გამო სოციალურ ქსელებში მასზე ქირქილებენ:

„როცა მე ამას ვამბობ, მერე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია - სოფელში თუ ტყეში პირბადით ვიაროთო? ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას! არავინ არ გეტყვით, ტყეში მარტო თუ მიდიხართ, რომ პირბადით იაროთ და ჩემს სოფელში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ერთი გლეხი ცხოვრობს, იმას არავინ არ ეტყვის, რომ იაროს პირბადით, მაგრამ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში უნდა ვიაროთ პირბადით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 636-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3473 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით, 353-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 73 154 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 55 511.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG