Accessibility links

New York Times-ი: ისრაელმა აშშ-ის დაკვეთით მოკლა რანგით მეორე პირი "ალ-ყაიდაში"


განცხადება FBI-ის საიტზე

ისრაელის სპეცსამსახურებმა აშშ-ის დაკვეთით აგვისტოში თეირანში მოკლეს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ყაიდის“ მაღალი რანგის წევრი აბდულა აჰმედ აბდულა. აშშ-ის სპეცსამსახურები მას მიიჩნევდნენ „ალ-ყაიდაში“ რანგით მეორე პირად, რომელიც პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციის ოპერატიული დაგეგმვისთვის. სპეცოპერაციის შესახებ 14 ნოემბერს იტყობინება გაზეთი New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ამერიკის დაზვერვის წრეებიდან.

57 წლის აბდულა, რომელიც ასევე აბუ მუჰამად ალ-მასრის სახელითაც იყო ცნობილი, აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ეჭვმიტანილი იყო 1998 წელს აშშ-ის საელჩოებთან მოწყობილი ტერაქტების ორგანიზებაში. მაშინ მძლავრი ბომბები აფეთქდა აშშ-ის საელჩოების წინ კენიის დედაქალაქ ნაირობიში და ტანზანიის ქალაქ დარ-ეს-სალამში. აფეთქებების შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ამერიკელი. დაიჭრა 4500-ზე მეტი ადამიანი.

New York Times-ის თანახმად, ალ-მასრი მოკლეს მის ქალიშვილთან ერთად, რომელიც იყო „ალ-ყაიდის“ ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟის, ჰამზა ბინ ლადენის ქვრივი. მამა-შვილი მოკლა ორმა მოტოციკლეტისტმა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა.

აჰმედ აბდულა ითვლებოდა „ალ-ყაიდის“ მეთაურის, აიმან ალ-ზავაჰირის მემკვიდრედ.

აშშ-ისა და ისრაელის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი New York Times-ის პუბლიკაციის თაობაზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ ტერორისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG