Accessibility links

site logo site logo

ვაშაძე: თუ საარჩევნო უფლება არ არსებობს, ქვეყანა განწირულია კრახისთვის


"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ახალ, ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრაციით, თქვა, რომ ქვეყანა, რომლის მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ, განწირულია კრახისთვის. ვაშაძემ ის სამი მიღწევაც ჩამოთვალა, რაც, მისი აზრით, ოპოზიციას და საზოგადოებას აქვს არჩევნების დღიდან ამ დრომდე - ორი კვირის განმავლობაში.

„რას მივაღწიეთ ორი კვირის განმავლობაში? პირველი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება და ამის მთავარი ძალაა ხალხი. მეორე – პოზიცია არის ერთიანი, მყარი და არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე რაიმე საკითხზე კომპრომისზე წასვლას. მესამე – ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შუამავლობით ხელისუფლებას კვლავ დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა მოუწია.

საპარლამენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნის ფუნდამენტი, საარჩევნო უფლებების თვალსაზრისით, არ არსებობს. თუ საარჩევნო უფლება არ არსებობს ქვეყანაში და მოქალაქეებს საშუალება არ აქვთ, საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ, ის ქვეყანა განწირულია კრახისთვის. ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ გვინდა ძლიერი, ერთიანი და წარმატებული საქართველო.

ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, საკმარისი არ არის, თუ არ გასწორდება საარჩევნო სისტემა და არ დამთავრდება ძალადობის და გაყალბების მექანიზმების არსებობა არჩევნების დროს. ვითხოვთ სამართლიან, თავისუფალ და კანონის შესაბამის არჩევნებს, სადაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, ვის ვანდობთ ჩვენს ბედს და არა ის, რომ საარჩევნო უბანთან დაგვხვდება მოძალადე და გვეტყვის, თუ ასე არ გააკეთებ, ასე გიზამ. არ დაგვხვდება ფულით ადამიანი, რომელიც გვეტყვის, რომ პურს ვერ ყიდულობ, აი, შენ ორი კაპიკი და შენი ხმა მომყიდეო. კიდევ უფრო უარესი – არ დაგვხვდებიან კომისიის წევრები, რომლებიც სხვაგვარად ითვლიან ჩვენს ხმებს. ეს არის გასასწორებელი. თუ ამას არ გავაკეთებთ, ქვეყანა არ განვითარდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

14 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყებამდე ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მეორედ შეხვდა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში - შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს ლეგიტიმურად. აქციები მათთვის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა - დაარწმუნონ ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG