Accessibility links

logo-print logo-print

სომხეთში დააპატიმრეს ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერი არტურ ვანეციანი


არტურ ვანეციანი

სომხეთში დააპატიმრეს ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერი, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი არტურ ვანეციანი. ის ეჭვმიტანილია ხელისუფლების უზურპაციასა და ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადებაში, იტყობინება ვანეციანის ადვოკატი ლუსინე სააკიანი.

საკიანის თქმით, ვანეციანის მშობლების ბინაში უკანონო ჩხრეკა ჩაატარეს. თავად ვანეციანის ბინაში ჩხრეკის ჩატარება სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს, ვინაიდან მისი მისამართის გაგება და ჩხრეკის ორდერის მოპოვება ვერ შეძლეს. სააკიანის სიტყვებით, „ამის შემდეგ, ჩხრეკის გარეშე რომ არ გაბრუნებულიყვნენ, მათ დაიწყეს პარტია „სამშობლოს“ ოფისის ჩხრეკა, რის უფლებაც მათ არა აქვთ,“ დაწერა ადვოკატმა ფეისბუკში. ლუსინე სააკიანის თქმით, არტურ ვანეციანის დაკავება პოლიტიკური დევნის მაგალითია.

სომხეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც მან 9 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ.

12 ნოემბერს სომხეთის ათი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი - მათ შორის ვანეციანი - დააპატიმრეს „მასობრივი ძალადობრივი არეულობის ორგანიზებისთვის“. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს.

ფაშინიანის მიერ აზერბაიჯანთან მიღწეულმა შეთანხმებამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია 10 ნოემბერს, როცა განრისხებული ხალხი სამთავრობო შენობებსა და პარლამენტში შეიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG