Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში ოპოზიციის საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე დააკავეს


ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ოპოზიციის საკვირაო აქციის ათობით მონაწილე დააკავეს. აქცია იმართება 12 ნოემბერს მინსკში მოკლული რომან ბონდარენკოს ხსოვნის პატივსაცემად. მილიცია ასევე ხალხს არ უშვებს „სახალხო მემორიალთან“, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის მიერ მინსკელი ალიაქსანდრ ტარაიკაუსკის მოკვლის ადგილზე შეიქმნა.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლების ოპონენტები 15 ნოემბერს მინსკში, მეტროს სადგურ „პუშკინსკაიას“ მახლობლად შეიკრიბნენ და იქიდან აპირებდნენ მარშით გავლას. ოპოზიცია შეიკრიბა ერთ-ერთ ეზოში, რომელშიც მოხდა ინციდენტი რომან ბონდარენკოსთან დაკავშირებით. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 12 ნოემბერს ამ ეზოში დაიწყეს ოპოზიციის სიმბოლური თეთრ-წითელ-თეთრი ბაფთების ჩამოხსნა, როცა მათსა და რომან ბონდარენკოს შორის შეტაკება მოხდა. ბონდარენკო ამის შემდეგ მინსკის შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში მიიყვანეს და განაცხადეს, რომ მან ტრავმები „ჩხუბის დროს მიიღო“. 12 ნოემბერს საღამოს ბონდარენკო გარდაიცვალა.

მინსკსა და ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებში აგვისტოდან გრძელდება საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. 9 აგვისტოს არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ოპოზიცია, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ლეგიტიმურად არ ცნობენ კენჭისყრის შედეგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG