Accessibility links

ბათუმში ოპოზიცია აქციას მართავს, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით


ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ. ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად, აქციაზე მისული რამდენიმე ათასი დემონსტრანტი 2020 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვს.

აქციაზე მისულებს სცენიდან მიმართავენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. დღევანდელ აქციაში ბათუმელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამაც მიმართა.

„ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ან ახალ არჩევნებს, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ! არჩევნებს, რომელიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს“, - თქვა მელიამ.

აქციაზე მისული დემონსტრანტების ნაწილს უკავია ფურცლები წარწერით „მიშა ჩამოდი“, რომლითაც ისინი უკრაინაში მოღვაწე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.
აქციაზე მისული დემონსტრანტების ნაწილს უკავია ფურცლები წარწერით „მიშა ჩამოდი“, რომლითაც ისინი უკრაინაში მოღვაწე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებზე, ოფიციალური მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ: „ქართულმა ოცნებამ“ (45,9% - 11 მანდატი) და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (34% - 7 მანდატი). შედეგებით უკმაყოფილო დემონსტრანტებს რამდენიმე დღეა, გადაკეტილი აქვთ ბათუმში გამსახურდიას ქუჩის ნაწილი და იქ კარვები აქვთ გაშლილი.

საერთაშორისო პარტნიორებისა და დიპლომატების შუამავლობით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიცია განაგრძობს ქუჩის პერიოდულ აქციებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG