Accessibility links

site logo site logo

ფაშინიანს თავს დაატყდა კრიტიკა ჯარისკაცებისადმი მიმართვის გამო


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის მხრიდან მორიგი კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა კონფლიქტის წინა ხაზზე მყოფ სამხედროებს ერევანში ჩასვლისკენ მოუწოდა.

„დღეს ვუცქირე წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებზე გადაღებულ ათობით ვიდეოს. მე განმაცვიფრა ბიჭების გამჭრიახობამ. ბიჭებო, თქვენ მართლები ხართ. გელოდებით ერევანში, რათა საბოლოოდ გადავწყვიტოთ კედელთან მოწუწუნეთა საკითხი. ვამაყობ თქვენით“, - დაწერა ფეისბუკში ნიკოლ ფაშინიანმა.


ამ მიმართვის გამო ოპოზიციამ ფაშინიანი დაადანაშაულა ძალადობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაში.

სომხეთის სახალხო დამცველმა პრემიერ-მინისტრის მიმართვას უწოდა „უკიდურესად სახიფათო“ და მოუწოდა პრემიერ-მინისტრს თავშეკავებისაკენ.

მოგვიანებით ფაშინიანმა განმარტა, რომ მის სიტყვები ინტერპრეტირებულია და მას არ გაუკეთებია არანაირი მოწოდება შეიარაღებული კონფრონტაციისკენ.

„უბრალოდ დღეს ყველა ადამიანი ნერვებსაა აყოლილი და მათი მანიპულირება იოლია“, - აღნიშნა ონლაინპრესკონფერენციის დროს ფაშინიანმა.



ფაშინიანის მიმართვის ფონია პოლიტიკური კრიზისი სომხეთში, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას მოჰყვა.

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად.

ერთობლივი განცხადებით, რომელმაც რუსეთი სამშვიდობო მანდატით აღჭურვა, სომხეთმა ვალდებულება აიღო, რომ 15 ნოემბრამდე მოახდინოს ქელბაჯარის რაიონის, 20-მდე - აღდამის, ხოლო პირველ დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონის გადაცემა, გარდა ე.წ. ლაჩინის დერეფნისა. ყველა ეს არეალი 1990-იანი წლების მერე სომხური ძალების კონტროლქვეშ იყო. მანამდე იქ ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, რომლებმაც ეს რაიონები დატოვეს.

ასეთი პირობებით დადებულ საზავო შეთანხმებას "ღალატს" უწოდებს სომხეთის ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანისა და ქვეყნის მთელი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავს სომხეთში.

ონლაინპრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, დგას თუ არა მის დღის წესრიგში მთავრობის გადადგომა, - ფაშინიანმა უპასუხა, რომ დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი დგას - სტაბილურობის შენარჩუნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG