Accessibility links

logo-print logo-print

ციმბირში მოყინვის საწინააღმდეგოდ გზაზე მოყრილ ქვიშაში ადამიანის ძვლები აღმოჩნდა


რუსეთის ციმბირის რეგიონში, მოყინვის საწინააღმდეგოდ გზაზე მოყრილ ქვიშაში ნახეს ადამიანის ძვლები, იტყობინება რუსეთის სააგენტო ინტერფაქსი.

ირკუტსკის ოლქის ქალაქ კირენსკში მომხდარ ფაქტს ადასტურებს რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო. შესაბამისი უწყება ფაქტს იძიებს. სამმართველოს პრესსამსახურის თანახმად, გამოძიება დაიწყო, როცა 15 ნოემბერს სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირენსკში გზაზე ნახეს ადამიანის ძვლები მას მერე, რაც მოყინვის საწინააღმდეგოდ მოაყარეს ქვიშა.

უწყების თანახმად, „ფაქტი დადასტურებულია. მიკვლეულია ასევე ორგანიზაცია, რომელიც სამუშაოს აწარმოებდა. იძიებენ, სად და რის საფუძველზე მოიპოვებდა ფირმა ქვიშა-ღორღის ნარევს გზაზე მოსაყრელად“.

ინტერფაქსს წყარომ აცნობა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ფირმა ქვიშას მოიპოვებდა ძველი სასაფლაოს მახლობლად. წყაროს თანახმად, ქვიშა არ შეამოწმეს და გზა აღმოჩნდა ძვლებით მოფენილი. თავის ქალა ძველი უნდა იყოს, ალბათ ასი წლისა, ამბობს წყარო და იტყობინება, რომ დგინდება ძვლების ზუსტი ასაკი და წარმოშობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG