Accessibility links

logo-print logo-print

სამინისტროს განმარტებით, 12 წლის Covid-პაციენტი სხვა კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა 


ბათუმში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ 12 წლის ბავშვს ყველა შესაძლო დახმარება გაუწიეს.

„დღეს გახდა ჩვენთვის ეს ფაქტი ცნობილი. ძალიან სამწუხარო შემთხვევა და პირველ რიგში მინდა გამოვხატო უდიდესი თანაგრძნობა ოჯახის მიმართ. ბავშვის მდგომარეობა პირველივე დღიდან იყო საყურადღებო და ლეტალური შემთხვევა სამწუხაროდ დაფიქსირდა მაშინ, როცა ბავშვი უკვე გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კლინიკამ ჩათვალა აუცილებლად გადამისამართება სხვა კლინიკაში და სწორედ ამ მომენტში სიკვდილის დადგომა მოხდა. ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა შეისწავლის შემთხვევას თავიდანვე. ბავშვის სიმძიმიდან გამომდინარე მას უტარდებოდა ადგილზე ყველა შესაძლო დახმარება და სხვა დანარჩენს დეტალს ჩვენ შევისწავლით. იქნება სრულად კლინიკურად გაანალიზებული, თუ რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობის დამძიმება“, - ამბობს გაბუნია.

ჰქონდა თუ არა 12 წლის პაციენტს სხვა, თანმხლები დაავადება Covid-თან ერთად, მინისტრის მოადგილე ამ კითხვას არ პასუხობს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვის გამო.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 733-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ 3 ათასზე მეტია, შემთხვევების მესამედზე მეტი კი ისევ თბილისზე მოდის. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 82 835 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 230-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 65 291.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG