Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დებატებში იწვევს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციას შესთავაზა დებატები.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კონკრეტულ თემასაც ასახელებს: „საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია“. კობახიძე ამბობს: „დავსხდეთ დებატების ფორმატში და დავამტკიცებთ უტყუარად, რომ ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ (გარდა ტექნიკური ხარვეზებისა), არის სპეკულაციები და მანიპულაციები“.

დეპუტატის მტკიცებით, რიცხვები, სტატისტიკა და კონკრეტული მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი სისტემური მანიპულაცია ამ საარჩევნო პროცესში არ მომხდარა. „ეს ყველაფრით დასტურდება, თუმცა ისინი [ოპოზიციური პარტიები] გაურბიან ფაქტებს და მუდმივად მანიპულირებენ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე და „რუსთავი 2“-ს მიმართავს, - „თქვენ პირდაპირ გთავაზობთ ახლა, რომ შევქმნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია იქნება მხილებული“.

კობახიძე ამბობს, რომ დებატებზე ოპოზიციის მხრიდან თანხმობის გამოცხადების საკითხზე ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის ფორმატში ოპოზიციას შესთავაზა 1500-მდე უბნის გადათვლა, რაზეც უარი მიიღო.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არჩევნების გაყალბებაში თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ.

როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ისინი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG