Accessibility links

site logo site logo

ჩუგოშვილი: არა მგონია პომპეოს ვიზიტისგან რაღაც განსაკუთრებულს უნდა ველოდეთ არჩევნებთან დაკავშირებით


თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის მოლოდინით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში გეოპოლიტიკურ და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, საქართველოში არჩევნების შემდგომ შექმნილი შიდა პოლიტიკური პროცესი ვიზიტის დროს განხილვის საგანი არ იქნება:

„როგორც ვიცით, პომპეო არ ხვდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და და ზოგადად პარტიებს, ის ხვდება თანამდებობის პირებს. პარტიებს არ ხვდება და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან შეხვედრა იმართება სასამართლოს თემაზე კონკრეტულად. ანუ სპეციფიურად სასამართლოს თემას შეეხება ეს შეხვედრა, მე რამდენადაც ვიცი. ამიტომ პრინციპში მას საუბარი არც ერთ აქტორთან არა აქვს არჩევნებთან დაკავშირებით. და მე ეს არ მიკვირს იმიტომ, რომ თვითონ არის ძალიან უცნაურ მდგომარეობაში, როდესაც არ აღიარებს თავის საკუთარ არჩევნებს. წარმავალი ადმინისტრაციაა და შესაბამისად მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენს შიდა პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, რაღაც განსაკუთრებულს უნდა ველოდეთ იმის მიღმა, რაც უკვე ითქვა საელჩოს მიერ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს საქართველოს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ის თბილისში თურქეთიდან ჩამოვა.

ხვალ, 18 ნოემბერს მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც, თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო, 18 ნოემბერს ოპოზიცია თბილისში გამართავს "ცოცხალი ჯაჭვის" მდუმარე აქციას არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG