Accessibility links

logo-print logo-print

12 წლის გარდაცვლილი გოგოს ოჯახი ვარაუდობს, რომ მას კორონავირუსი არ ჰქონდა


ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თამარ ბახტაძის ინფორმაციით, 12 წლის გოგონას, რომელიც წუხელ გარდაიცვალა, მძიმე დაავადება ჰქონდა.

„კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა. საკუთარი, მძიმე დაავადების გამო ესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება. დარღვეული იყო კლინიკოლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი დახმარების შემდეგ გამოძახებული იყო კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, ტრანსპორტირებისას პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება", - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ბახტაძემ. მისივე თქმით, ბათუმის კლინიკის მედპერსონალმა ბავშვის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა. ამასთან, ბახტაძის ინფორმაციით, საავადმყოფოს დიალიზისთვის საჭირო საშუალებები არ გააჩნია.

12 წლის გოგოს ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მოზარდი კორონავირუსით არ გარდაცვლილა.

„დაბადებიდან ცალი თირკმელი არ ჰქონდა და იქ არ იცოდნენ დიალიზი რომ სჭირდებოდა?! კორონავირუსი არ ჰქონია. არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. სახლში შვიდი ადამიანი ვცხოვრობთ და არავის არ დაუდასტურდა. საღამოს გვითხრა ჰაერის უკმარისობა მაქვსო და აზოტი მაქვს მომატებულიო. აზოტის საზომი აპარატი ჰქონდა და თავისით იზომავდა. საავადმოყოფოში რომ მიიყვანეს, გამოიძახეს სასწრაფო და წაიყვანეს თბილისში. გზაში რეანომობილში არც ჟანგბადი ჰქონდათ რომ მიეწოდებინათ. აზოტიც მოემატა“, - უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგოს ბაბუამ კახა ბერიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ სამინისტრო დეტალურად შეისწავლის, რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობის დამძიმება და გარდაცვალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG