Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი: სადაც რუსეთი შედიოდა სამშვიდობო მისიით, იქ ყოველთვის არის განვითარება


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მთიან ყარაბაღს უწოდა „სამხრეთ ოსეთის მოძმე რესპუბლიკა“ და განაცხადა, რომ მისთვის ტრაგედიაა, რაც მთიან ყარაბაღში მოხდა.

„დარწმუნებული ვარ, ასეთივე დამოკიდებულება აქვთ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ, რადგან არცახის მოსახლეობასთან ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული იყო“, - უთხრა ბიბილოვმა ადგილობრივ გაზეთს, „იუჟნაია ოსეტიას“.

ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანა აუცილებელი იყო და რომ არა რუსეთის ჩარევა, მთიანი ყარაბაღის ხალხის დანაკარგი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

შეკითხვას, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება საფრთხეს ხომ არ უქმნის სამხრეთ ოსეთს და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გააქტიურება, ბიბილოვმა უპასუხა, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს და რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის შეთანხმებაში მკაფიოდ წერია, რომ ერთ მხარეზე თავდასხმა მეორეზე თავდასხმადაც ფასდება: „სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ეს აღქმული იქნება რუსეთზე თავდასხმად და შესაბამისი რეაქცია მოჰყვება“.

დე ფაქტო პრეზიდენტს გაზეთის კორესპონდენტი ეკითხება აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზეც. ბიბილოვის თქმით, არ ელოდება, რომ ჯო ბაიდენი რუსეთთან ურთიერთობებში რაიმეს სასიკეთოდ შეცვლის. ანატოლი ბიბილოვი აშშ-სა და რუსეთს ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც აშშ სამშვიდობო მისიით ან სხვა მიზნებით შედის, ყოველთვის ომი, ქაოსი, მკვლელობები და ტერაქტებია: „ეს არის სირია, ლიბია, ირანი, ერაყი, ვიეტნამი, იუგოსლავიაზე დარტყმა. ხოლო სადაც რუსეთი შედიოდა სამშვიდობო მისიით, იქ ყოველთვის არის განვითარება“. ამის მაგალითად ბიბილოვმა მოიყვანა სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და სირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG